პესკოვმა რუსეთის თავდაცვის სექტორის კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს „აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაციის წიხლი“ უწოდა
კრემლში აშშ-ის მიერ რუსეთის თავდაცვის სექტორის კომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაციის წიხლი“ უწოდეს.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„შეგვიძლია, მხოლოდ მწუხარება გამოვხატოთ, რომ აშშ-ის მორიგი წარმავალი ადმინისტრაცია საჭიროდ მიიჩნევს, წიხლი დაარტყას ისედაც ცუდ ფორმაში მყოფ რუსულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებს. ყოველი ასეთი წიხლი გვაშორებს ჩვენ ნორმალიზაციის მომენტისგან და უკიდურესად ართულებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ამ დამაზიანებელი მდგომარეობიდან გამოსვლის პროცესს”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
თავის მხრივ, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლეონიდ სლუცკიმ სანქციებს ტრამპის ადმინისტრაციის აგონია უწოდა.
„სამწუხაროდ, ამგვარი ქმედებები და ნაბიჯები ძირს უთხრის საერთო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით თანამშრომლობის დარჩენილ შესაძლებლობებს. ეს არის ნამდვილი აგონია ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან“, – განაცხადა სლუცკიმ.
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა სანქციები რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სექტორებთან დაკავშირებულ საწარმოებს დაუწესა. „შავ სიაში“ 58 ჩინური და 45 რუსული კომპანიაა.