დიმიტრი პესკოვი - საფრანგეთის არჩევნების პირველი ტურის შედეგი შეესაბამება ევროპის ტენდენციებს
დიმიტრი პესკოვი - საფრანგეთის არჩევნების პირველი ტურის შედეგი შეესაბამება ევროპის ტენდენციებს

კრემლში განაცხადეს, რომ საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგმა დაადასტურა ტენდენციები, რომლებიც უკვე შეინიშნება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს საფრანგეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნების კურსს და ტენდენციები, რომლებიც ადრე გამოიკვეთა ევროპის რიგ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, დასტურდება. ჩვენ დაველოდებით მეორე ტურს, თუმცა ფრანგი ამომრჩევლის უპირატესობები ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ნათელია“, – განაცხადა პესკოვმა.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34%-ით ლიდერობს. 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს.