დიმიტრი პესკოვი - რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო მიახლოება რუსეთს აიძულებს, მიიღოს საპასუხო ზომები
რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შესაძლო მიახლოება რუსეთს აიძულებს, მიიღოს საპასუხო ზომები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ნატო-ში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს და უკრაინის ევროატლანტიკურ განწყობებზე ვაშინგტონში საკმარისად კარგად რეაგირებენ.
„ეს ჩვენთვის პოტენციურად ძალიან სახიფათოა, რადგან ნატო ამგვარად გააგრძელებს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის შემოყვანას ჩვენს საზღვრებთან. ეს არის საკითხი, რომელიც გამოიწვევს გარკვეული სახის კონტრზომების გატარებას, რათა მოხდეს სიტუაციის ბალანსირება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების 100 პროცენტით უზრუნველყოფა”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
დიმიტრი პესკოვის თქმით, ზელენსკის ანტირუსული რიტორიკა ამტკიცებს, რომ უკრაინა-აშშ-ის მეგობრობის მთავარი ამოცანა არის, იყვნენ მეგობრები რუსეთის წინააღმდეგ.