ნატო-ს განცხადებას, რომ ალიანსი ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების გავლას უზრუნველყოფს, კრემლში ნეგატიურად აფასებენ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, მოსკოვში არ იციან, რას გულისხმობდა ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელი, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა.
„ჩვენ არ გვესმის, რას გულისხმობენ ნატო-ში. ქერჩის სრუტესთან და ნაოსნობასთან დაკავშირებული ვითარება ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით, რუსეთის პოზიცია არის თანმიმდევრული და ყველასთვის ცნობილი“, – განაცხადა პესკოვმა.
კითხვაზე, საერთოდ შესაძლებელია თუ არა ნატო-ს გემების შესვლა აზოვის ზღვაში, პესკოვი პასუხობს, რომ რუსეთი შესაბამისი მოთხოვნის მიღების შემდეგ იმოქმედებს.
„არსებობს შეტყობინებების სისტემა, რომელიც უნდა შესრულდეს. ამას გარდა, არსებობს რეჟიმი, რომელიც არეგულირებს შავ ზღვაში სამხედრო გემების ყოფნას, რომელიც ასევე უნდა შესრულდეს. რაც შეეხება აზოვის ზღვას, ეს საკითხი ცალკე უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინული გემების ქერჩის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფად ზომების მიღებას აპირებს.