დიმიტრი პესკოვი - დსთ-ის ქვეყნები ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, თითქმის ყველა მათგანთან გვაქვს განვითარებული ურთიერთობები, სამწუხაროდ, ეს არ ეხებათ საქართველოსა და მოლდოვას
არსებული რთული ურთიერთობების მიუხედავად, რუსეთი და სომხეთი მოძმე ქვეყნები არიან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთი რუსეთის ფედერაციისთვის „მოძმე ქვეყანაზე მეტიც“ არის, თუმცა „ორი ქვეყანა ახლა ურთიერთობის საკმაოდ რთულ პერიოდს განიცდის“.
„ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ძმური, რადგან აქ კიდევ უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში. ვიმედოვნებთ, რომ ერევანში გაიმარჯვებს პოლიტიკური ნება, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარება და ჩვენ წარმატებით გავივლით ამ რთულ პერიოდს“, – აღნიშნა პესკოვმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აპირებს რუსეთი ურთიერთობების დამყარებას დსთ-ის რესპუბლიკებთან, რომელთაგან ზოგიერთს ბოლო დროს არცთუ ისე დიდი სურვილი ჰქონდა რუსეთთან თანამშრომლობის, პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები რუსეთის მთავარი პრიორიტეტია.
„დსთ-ის ქვეყნები ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და თითქმის ყველა მათგანთან გვაქვს ძალიან განვითარებული ორმხრივი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ეს არ ეხებათ საქართველოსა და მოლდოვას. დანარჩენზე თუ ვსაუბრობთ, მათ სუვერენიტეტს აბსოლუტური პატივისცემით ვეპყრობით და ამავე დროს ჩვენ გვახსოვს ჩვენი საერთო ისტორია, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც განვითარდა საბჭოთა პერიოდში. დიახ, ახლა ამ ქვეყნებს აქვთ განვითარების საკუთარი ტრაექტორია, მაგრამ მათი ერთგულება საერთო ინტეგრაციული პროცესებისადმი რჩება“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, საქართველომ 2009 წლის 18 აგვისტოს დსთ ოფიციალურად დატოვა.