დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი არ მოაწერენ ხელს დოკუმენტებს, მაგრამ შესაძლოა, განიხილონ სენსიტიური საკითხები, როგორიცაა სამხედრო ურთიერთქმედება
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი არ მოაწერენ ხელს დოკუმენტებს, მაგრამ შესაძლოა, განიხილონ სენსიტიური საკითხები, როგორიცაა სამხედრო ურთიერთქმედება

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ მოაწერენ ხელს დოკუმენტებს, მაგრამ შესაძლოა, განიხილონ „სენსიტიური საკითხები, როგორიცაა სამხედრო ურთიერთქმედება“.

პესკოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ახლო მეზობელია და სხვა ქვეყნების მხრიდან არსებული კომენტარების მიუხედავად, ისინი განავითარებენ ურთიერთობებს მეზობლებთან ისე, რომ ეს სასარგებლო იყოს როგორც რუსეთისთვის, ასევე მეზობლებისთვის.

„ყველა სხვა საკითხი ეხება მხოლოდ ჩვენს ორ სუვერენულ ქვეყანას და ისინი არ უნდა იყვნენ რომელიმე მესამე სახელმწიფოს შეშფოთების საგანი. ჩვენი თანამშრომლობა ხორციელდება ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ, მაგრამ არა ვინმეს წინააღმდეგ“, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდნენ. კიმ ჩენ ინმა მადლობა გადაუხადა პუტინს ქვეყანაში მიწვევისთვის და განაცხადა, რომ არსებობს ბევრი საკითხი, რაზეც მათ შეუძლიათ თანამშრომლობა. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ლიდერებმა უნდა ისაუბრონ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, ჰუმანიტარულ საკითხებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.