დიმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, თუ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება და ყირიმს ხელყოფს
დიმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, თუ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება და ყირიმს ხელყოფს.
აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს სამუდამოდ ასე იქნება. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა არის ომის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისთვის და თუ ამას ნატო-ს წევრი ქვეყანა აკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, მესამე მსოფლიო ომი, ტოტალური კატასტროფა“, – განაცხადა მედვედევმა.
ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება რუსეთისთვის უფრო საშიშია, ვიდრე შვედეთის და ფინეთის. მისი თქმით, რუსეთი არ არის შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ამ შემთხვევაში საკუთარი საზღვრების გამაგრება მოუწევს.
„შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება ნატო-ში რაიმე განსაკუთრებულად ახლით არ გვემუქრება. ამ ქვეყნებს ადრე ჰქონდათ რუსეთთან ურთიერთობა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს საკმაოდ პატივსაცემი და კეთილსინდისიერი. თუმცა, წარსულში რა თქმა უნდა ხდებოდა სხვადასხვა რამ. ახლა ჩვენ არ გვაქვს და მოსალოდნელიც არ არის ამ ქვეყნებთან ტერიტორიული დავები“, – განაცხადა მედვედევმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი მზად იქნება საპასუხო ნაბიჯებისთვისაც.
„ნატო-ს ასეთი გაფართოების შემთხვევაში, მისი სახმელეთო საზღვრების სიგრძე რუსეთთან გაორმაგდება. ჩვენ მოგვიწევს ამ საზღვრების გაძლიერება. ბალტიის ქვეყნების არაბირთვული სტატუსი წარსულს ჩაბარდება და სერიოზულად გაიზრდება სახმელეთო ჯარების და საზღვაო ძალების ჯგუფები ჩრდილოეთის მიმართულებით“, – განაცხადა მედვედევმა.
ასევე, დიმიტრი მედვედევმა ეჭვი გამოთქვა, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირთან არის დაკავშირებული. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, მიუხედავად კანდიდატის სტატუსისა მინიჭებისა, მოჩვენებითია.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი გადალახავს ამ განსაცდელებს. ისინი თავად აირჩევენ უკეთეს მომავალს, ძლიერ ლიდერებს, სამართლიან კანონებს და წარმატებულ ეკონომიკურ მოდელს. და დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მოდელი ევროკავშირთან იქნება დაკავშირებული. ცინიკური ევროპელები ამაზე პირდაპირ საუბრობენ, უყურებენ რა უკრაინელ ლიდერებს გაკვირვებითა და ფსიქოსტიმულატორებით გაფართოებულ თვალებს“, – განაცხადა მედვედევმა.