დიმიტრი ხუნდაძე - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტზე სახალხო დამცველის რეკომენდაციები გავითვალისწინეთ და მეტად დაზუსტებული ვარიანტია წარდგენილი
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის გუშინდელი განხილვის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველთან გაიმართა კომუნიკაცია და მისი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია.
„ჩაშლილია ყველა დეტალი, რეკომენდაცია, სადაც კითხვის ნიშნები იყო და გამოითქვა პრეტენზიები სხდომაზე. სახალხო დამცველის რეკომენდაციები გავითვალისწინეთ და უფრო მეტად დაზუსტებული ვარიანტია წარდგენილი“,- აღნიშნა ხუნდაძემ.
რაც შეეხება ცვლილებების მოქმედების ვადას, ხუნდაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ეპიდემიოლოგებთან გაივლიან კონსულტაციებს.
„ეს უნდა იყოს გონივრული, რათა კანონპროექტმა თავის მიზანს მიაღწიოს დ მოსახლეობის დაინფიცირების რისკები მინიმალური იყოს“, – აღნიშნა საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა დიმიტრი ხუნდაძემ.
სახალხო დამცველმა პარლამენტს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები წარუდგინა.
პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გუშინ უყარეს კენჭი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.
პარლამენტმა გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.
კერძოდ, მმართველი პარტიის ინიციატივაა, ნორმები, რომლებიც დგინდება, იყოს დროებით, ივლისის რომელიმე რიცხვამდე გაწერილი გარდამავალ დებულებებში.
კენჭისყრის შემდეგ, გუშინ კონსულტაციები გაიმართა ნინო ლომჯარიასთან და მისი რეკომენდაციები განიხილეს. კანონპროექტის მოქმედების ვადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.