დიმიტრი ხუნდაძე - სასურველია რეგლამენტის წესებით ცხოვრება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მინისტრის სტუმრობა არ უნდა იყოს პოლიტიკური კინკლაობისთვის
რეგლამენტის მიხედვით ნამდვილად არ არის სახარბიელო სურათი, რადგან რეგლამენტი ყველა მინისტრს ავალდებულებს, მოწვევის შემთხვევაში, ესტუმროს საკომიტეტო მოსმენაზე, მაგრამ მათი არგუმენტებისაც მესმის ადამიანურად, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მინისტრებს „მინისტრის საათზე“ მისვლას რეგლამენტი ავალდებულებს და ამ ფორმატში დეპუტატებს აქვთ შესაძლებლობა, რომ დასვან კითხვები.
„მინისტრები არც პასუხებზე ზარდებიან. ვიღაცას ეს პასუხი მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ზოგჯერ კითხვებიც არ ისმება და „მინისტრის საათის“ შემდეგ, ტრიბუნიდან ჩამოსულ მინისტრს პრაქტიკულად გასასვლელშივე აწვდიან მოსაწვევს, ისე, რომ შემდეგ უკვე საკომიტეტო მოსმენაზე ეწვიოს. სხდომაზე რამდენჯერმე ახსენეს ჯანდაცვის მინისტრის არმოსვლა, როცა იყო მოწვევა დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან, ეს მოწვევა მას გადაეგზავნა, ასევე პარალელურ რეჟიმში შემოვიდა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მოწვევა. ერთ შემთხვევაში თუკი ის ესტუმრებოდა პარლამენტს, კომიტეტს, ანუ „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მოწვევაზე ის მოვიდოდა და ალბათ უნდა მოსულიყო, შემდეგ უკვე „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნა იზღუდებოდა იგივე რეგლამენტის წესის მიხედვით, რადგან ორ თვეზე ადრე მას არ ავალდებულებს, რომ მოვიდეს და ისევ ეწვიოს. მუდმივად იყოს სტუმრობის რეჟიმში მინისტრი. ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაებალანსებინა ეს ორივე შემთხვევა და მინისტრი დაიბარა უკვე კომიტეტის სახელით კომიტეტმა, რასაც მხარი დაუჭირა კომიტეტის თითოეულმა წევრმა, ისე რომ კომიტეტმაც დაიცვა წესები და მინისტრის მოწვევა დააყენა კენჭისყრაზე, მას ჰქონდა მხარდაჭერა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, სასურველია რეგლამენტის წესებით ცხოვრება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მინისტრის სტუმრობა არ უნდა იყოს პოლიტიკური კინკლაობისთვის.
„საქმიდან გამომდინარე მიიღო ჯანდაცვის კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება. არავითარი სასირცხვილო არ მაქვს მე პირადად. საქმიდან გამომდინარე არის მინისტრი დაბარებული, ის აუცილებლად მოვა და წარსდგება თქვენს წინაშეც, „პატრიოტთა ალიანსის“ წინაშეც და ჯანდაცვის კომიტეტის წინაშეც, მაშინ როცა იქნება შეხვედრა საქმისთვის და არა პოლიტიკური კინკლაობისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტის სხდომაზე დღეს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიბარეს, თუმცა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ აღნიშნა, მას ჰქონდა მინისტრთან კომუნიკაცია, მაგრამ ივანე მაჭავარიანი ვერ დაარწმუნა საკომიტეტო მოსმენას დასწრებოდა. „მასთან მე დილით მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე, განემარტა მიზეზები. ის რჩება მის მიერ მოწერილ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომ თანახმაა, მოვიდეს სესიაზე და იქ ახსნას ყველა საკითხი, თუ დარჩება კითხვები, თანახმაა, რომ კომიტეტზეც მოვიდეს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.