დიმიტრი ხუნდაძე - სახელმწიფოს პოზიციაა, ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სტაბილურობა, არავის მიეცეს საშუალება, საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოსა და ტრამპის შემთხვევაში
სახელმწიფოს პოზიციაა, ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სტაბილურობა, არავის მიეცეს საშუალება, საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოსა და ტრამპის შემთხვევაში, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
„ცდილობდნენ, საქართველოში მოეწყოთ ტერაქტი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია. ვფიქრობ, სუს-ის ასეთი პრევენციული დამოკიდებულება და დანაშაულის აღკვეთა მათი ვალდებულებაა. სახელმწიფოს პოზიციაა, ქვეყანაში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, არავის მიეცეს უფლება და საშუალება, საქართველოში გაიმეოროს ის, რაც მოხდა ფიცოსთან მიმართებით და რაც გაბედეს ტრამპის შემთხვევაში, პირდაპირ საარჩევნო კამპანიის დროს რომ ესროლეს ტყვია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით 24 ივლისს განცხადება გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე.