დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტის გადაწყვეტილება ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, კრიზისები საგანგებო მდგომარეობის გარეშე მართოს, ეს კი დააზღვევს ქვეყანას, რომ ინფიცირების ხარისხი არ იყოს ისეთი, როგორც სხვაგან ვიხილეთ
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმის გამო, რომ კორონავირუსმა ყველა სახელმწიფო დააზიანა, შეიცვალა წესები, მთელი მსოფლიო განსხვავებული რეჟიმით ცხოვრებაზეა გადასული.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოში საკმაოდ კარგი ვითარებაა, რაც სწორედ აკრძალვებისა და რეგულაციების დამსახურებაა.
ხუნდაძის შეფასებით, იქედან გამოდმინარე, რომ ვირუსის გავრცელების მეორე და მესამე ტალღის მოლოდინიც არსებობს, შეზღუდვების მთლიანად მოხსნის დრო არ არის.
„იცით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემია, რადგან გავრცელების ხარისხი არის მაღალი, დაინფიცირებულია ხუთ მილიონ ადამიანზე მეტი. ეპიდემიოლოგიურად ჩვენი ქვეყანა საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება, ეს სწორედ იმ აკრძალვებისა და რეგულაციების დამსახურებაა, რომელიც ჯერ კიდევ პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე შემოვიღეთ.
მას ჰქონდა გარკვეული უხერხულობები. იქედან გამომდინარე, რომ ვირუსის სიმძიმე და შედეგი ბევრ ქვეყანაში იყო გამორჩეულად დიდი ზიანის შემცველი და შესაძლოა, იყოს მეორე და მესამე ტალღა, საჭიროა, გაგრძელდეს შემსუბუქებული რეგულაციებით, მაგრამ შეზღუდვების მთლიანად მოხსნის დრო არ არის. ეს გარკვეული რისკის შემცველი შეიძლება იყოს“,- განაცხადა ხუნდაძემ და განმარტა, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ემსახურება სწორედ იმას, რომ არ გაგრძელდეს მკაცრი რეგულაციებით საგანგებო რეჟიმში ცხოვრება.
ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, კრიზისები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს.
„ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომ არ გავაგრძელოთ მკაცრი რეგულაციებით საგანგებო რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყველა რეგულაციის მოხსნა გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, კრიზისები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს. ეს დააზღვევს ქვეყანას, რომ ინფიცირების ხარისხი ისეთი არ იყოს, როგორც არაერთ ქვეყანაში ვიხილეთ. ამ ცვლილებით ხელი შევუწყვეთ იმას, რომ მმართველ გუნდს ბერკეტები ჰქონდეს საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული, რათა საგანგებო მდგომარეობის გარეშე მართოს კრიზისული მდგომარეობა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ამასთან, ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი.
„რადგან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ხელი შეეშლება და ვერ წარიმართება. განხილვების დროს, თითქოს, თავიდან იყო შეფარული შემოთავაზებები, მაგრამ შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ღიად გაცხადდა, რომ ასეთ რეგულაციებს სჯობს, მივიღოთ საგანგებო მდგომარეობა და გავაგრძელოთ ის. ამის უკან შევნიშნე, რომ ოპოზიციას სურს, საგანგებო მდგომარეობით ჩაშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და საზოგადოებაში გამოიწვიოს უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, რადგან საგანგებო მდგონარეობა გულისხმობს უფრო მკაცრ აკრძალვებს, ვიდრე ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი“, – განაცხადა ხუნდაძემ.
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.