დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიცია მსოფლიოს უმტკიცებდა, საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლით რუსეთთან თანამშრომლობსო, სწორედ ამერიკიდან გვითხრეს, რომ ეს ტყუილია
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თურმე სანქციების გვერდის ავლაში ხელისუფლების მიმართ ქართული ოპოზიციის ბრალდება სრული დეზინფორმაცია ყოფილა. ოპოზიციის დეზინფორმაციული პოლიტიკა თავად აშშ-ის ხელმძღვანელობამ ამხილა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, ოპოზიციისთვის დეზინფორმაცია პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.
„ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით, მაგრამ დღეს უკვე ოპოზიციის დეზინფორმაციული პოლიტიკა თავად აშშ-ის ხელმძღვანელობამ ამხილა. ოპოზიციისთვის დეზინფორმაცია პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. უკვე მერამდენედ უნდა მოხდეს მათი მხილება ევროპიდან თუ ამერიკიდან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში. საერთაშორისო მედიის თუ პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენებით მთელ მსოფლიოს უმტკიცებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლით რუსეთთან თანამშრომლობსო. ეს რომ ტყუილია, დღეს სწორედ ამერიკიდან გვითხრეს. სტატუსის წინააღმდეგ ევროპაში დარბოდნენ და მუშაობდნენ, რომ საქართველოს სტატუსი არ მიეღო. ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნისთვის იბრძოდნენ, საერთაშორისო თანამეგობრობას უმტკიცებდნენ, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლით რუსეთთან თანამშრომლობს და ასე შემდეგ. მეტი რაღა უნდა უმტრონ საკუთარ ქვეყანას, მეტი რაღა უნდა გააკეთონ? სწორედ ამიტომ ქვეყნის მოღალატე ძალა პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს, „ნაცმოძრაობა“ იქნება ეს თუ მისი სატელიტი პარტიები. დეზინფორმაცია არის მტრობის სტიმულირება და ადვილი გამოსაცნობია, ვის აწყობდა მტრობა საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, რეფორმების კუთხით ძალისხმევა გასწია და აფასებენ იმას, რაც ხელისუფლებამ სანქციებისთვის გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად გააკეთა. „ვაფასებთ, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა სანქციებისთვის გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ საქართველო იქნება მთავარი კონტრიბუტორი ამ გარემოში“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.