დიმიტრი ხუნდაძე - მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში არ უნდა შეყვეს, თუ ამას გააკეთებს, მაჟორიტარები და არა მხოლოდ, კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ მუხრუჭს
როგორც ჩანს, ოპოზიციამ პასუხისმგებლობასთან ერთად, სერიოზულობაც დაკარგა და ციფრებით თამაში დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ისეთი შეთავაზების გაკეთება სურს, რომელსაც შედეგი არ ექნება და შემდეგ გადავლენ რევოლუციურ სცენარზე.
„კიდევ უფრო ღრმავდება ეჭვი, რომ მათ უნდათ იმდაგვარი შემოთავაზება, რომელსაც შედეგი არ ექნება და გადავლენ მათთვის სასურველ რევოლუციურ სცენარზე. ვფიქრობ, მმართველი გუნდის მიერ არის უკიდურესი კომპრომისული ვარიანტი შეთავაზებული, რის იქითაც უკვე ქვეყანაში კრიზისია მოსალოდნელი. ამიტომ მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში არ უნდა შეყვეს და თუ ამას გააკეთებს, ჩვენ – მაჟორიტარები და არა მხოლოდ მაჟორიტარები, კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ მუხრუჭს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რაც შეეხება ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, ხუნდაძე ამბობს, რომ კომპრომისი აუცილებელია და აღნიშნულთან დაკავშირებით კინზინგერის განცხადება ოპოზიციასაც ეხება.
„რა თქმა უნდა, კომპრომისი არის აუცილებელი და თქვენ რატომ თვლით, რომ კინზინგერის განცხადება არის მხოლოდ მმართველი გუნდისთვის და ის არ ეხება ოპოზიციას. მმართველი გუნდის აზრით, რომ კომპრომისი აუცილებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომ კომპრომისზე რამდენიმეჯერ წავიდა, მათ შორის მაჟორიტარებიც წავედით არაერთხელ კომპრომისზე. ასი ორმოცდაათზე – ეს არის ის უკიდურესი კომპრომისი, რომელიც საფუძვლად უდევს იმას, რომ უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები დაცული, იყოს კომპრომისი, რათა ქვეყანა არ შევიდეს კრიზისში“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებს აწარმოებს და გამორიცხული არ არის, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შუალედური კომპრომისული ვარიანტი შესთავაზოს.