დიმიტრი ხუნდაძე - შეთანხმებისთვის „ქართული ოცნების“ განწყობა საკმარისი არ არის, ოპოზიციამ ულტიმატუმი კარს მიღმა უნდა დატოვოს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მთავარი უნდა იყოს არა საკუთარი პარტიული ინტერესები, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები.
ხუნდაძის თქმით, ამ თვალსაზრისით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებას ეთანხმება.
„ვეთანხმები კენტს იმაში, რომ მთავარი არ უნდა იყოს საკუთარი პარტიული ინტერესები, წინა პლანზე უნდა იდგეს საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესები, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ყურადსაღებია რეგიონული პოლიტიკური პროცესები. ასევე, პანდემიის ფონზე რისკის ქვეშაა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, არამედ არსებობს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. მხარეების ვალდებულებაა, რომ გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არის და მოლაპარაკების მაგიდასთან ულტიმატუმებით არ მიდის.
შედეგზე რომ გავიდეთ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ განწყობა არ არის საკმარისი. როცა მხარეთა შორის უთანხმოებაა, ორივე მხარემ უნდა გამოხატოს იმის სურვილი, რომ შეუთანხმებლობა შეთანხმებით დასრულდეს. ოპოზიციამ ულტიმატუმი კარს მიღმა უნდა დატოვოს, ხელში არა მხოლოდ პარტიული, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები დაიკავოს და მოლაპარაკების პროცესში ისე შემოვიდეს. საზოგადოების 60-მა პროცენტმა დაადასტურა, რომ საპარლამენტო ბოიკოტს ეწინააღმდეგება და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ.