დიმიტრი ხუნდაძე - მირჩევნია, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არ შევეწინააღმდეგები თუკი არჩევანი შეჩერდა დამოუკიდებელ კანდიდატზე
მე მირჩევნია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს უშუალოდ ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არ შევეწინააღმდეგები თუკი არჩევანი შეჩერდა დამოუკიდებელ კანდიდატზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
„დღევანდელი უმრავლესობის შეხვედრაზე განვიხილავთ რამდენიმე თეორიულ ვარიანტს. ერთი არის ოპოზიციის მინდობა, ოპოზიციურ ველზე არჩევნების გადასროლა, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან ოპოზიცია არ არის სტაბილური და კონსტრუქციული. დესტრუქციული პრეზიდენტი იქნება არასტაბილურობის გარანტი მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მათი კანდიდატი. მეორე ვარიანტი, როგორც „ქართული ოცნების” წევრს მირჩევნია, რომ კანდიდატი იყოს უშუალოდ ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არ შევეწინააღმდგები თუკი არჩევანი შეჩერდა დამოუკიდებელ კანდიდატზე, უბრალოდ მექნება სურვილი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს არამხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ იყოს მას შემდეგაც, რაც კონკრეტული კანდიდატი დაიკავებს პრეზიდენტის სავარძელს. დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა იყოს ბოლომდე დამოუკიდებელი, ამის პოლიტიკური ნება არსებობს. შესაძლოა, ასეთი არჩევანიც გაკეთდეს, ეს არის დემოკრატიის მაღალი ხარისხი, რაზეც თანახმაა „ქართული ოცნება“. თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩემი მხარდაჭერაც ასეთ კანდიდატს ექნება ოღონდ ჩემი უცვლელი სურვილით, რომ ის იყოს ბოლომდე დამოუკიდებელი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ კონსულტაციები საპარლამენტო ჯგუფებთან, მათ შორის მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც გაიმართება.