ფიქრია ჩიხრაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ კონსულტაციები საპარლამენტო ჯგუფებთანაც გაიმართება
ფიქრია ჩიხრაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ კონსულტაციები საპარლამენტო ჯგუფებთანაც გაიმართება

პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით, კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ საპარლამენტო ჯგუფებთან, მათ შორის მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც გაიმართება.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასამართლოში არსებული სიტუაციას პასუხი სწორი ნაბიჯებით გაეცეს, რათა სასამართლოში დაიწყოს პოზიტიური პროცესები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესმის როგორც საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას, ისე ძალიან ცხადად ესმით პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს, უმრავლესობას, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. მგონია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს ძალიან კონსტრუქციულად. ჩვენ ველოდებით მათთან კონსულტაციებს. არ გამოვრიცხავთ და შეიძლება, მათაც ჰყავდეთ თავიანთი კანდიდატურები და ამ კანდიდატურებზე საერთო მსჯელობის შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ საუკეთესოზე”, – განაცხადა ფირია ჩიხრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად  კონსულტაციები გაიმართა. პრეზიდენტის მრჩევლები დღეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში და პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა შეხვედრის მონაწილეებთან სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, განიხილეს ის კრიტერიუმები, რომელიც გათვალისწინებული იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევისას და ის, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესები.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გამართულ დღევანდელ კონსულტაციებს პროფესიული წრეების წარმომადგენლები 10-მდე უმაღლესი სასწავლებლიდან ესწრებოდნენ.