დიმიტრი ხუნდაძე - მინდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე ვკითხო, როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ
მსურს, გამოვეხმაურო „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. მინდა, ვკითხო მათ, როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
მისივე თქმით, საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსს, არ შეწყვეტენ სვლას იმ ღირებულებებისკენ, რომლებიც ისტორიის ნაწილია. ხუნდაძის განცხადებით, ქართველი ხალხი გაუძლებს ამ რყევებსაც და აუცილებლად გაიყვანს ქვეყანას მშვიდობიანი გზით განვითარებისკენ.
„მინდა, ბოლო პერიოდის მთავარ თემას შევეხო, ევროკომისიის პოზიტიურ დასკვნას საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე. კარგია, რომ მათი შეფასება დადებითია, თუმცა გაუგებარია რამდენიმე საკითხი, მაგალითად: ვერ გავიგეთ, რანაირად შეიძლება, იყოს სასამართლოს, ადამიანის უფლებებისა და მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებები ტექნიკური? თუ ამ შეფასებებს მივყვებით, გამოდის, რომ უკრაინას სოფლის მეურნეობაში უკეთესი მაჩვენებლებისთვის მისცეს სტატუსი. ამ შეფასებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, თითქმის არაფერი შეცვლილა. საქართველოს მაშინაც ეკუთვნოდა სტატუსი და, მით უმეტეს, ეკუთვნის ახლაც.
რა მოლოდინები გვაქვს და იქნება თუ არა სუბიექტური კვლავ მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილება? ეს იქნება ის კითხვა, რითიც ევროკავშირი ან დაასაბუთებს სამართლიანობისადმი პატივისცემას, ან დარჩება სხვისი დაკვეთების შემსრულებელი და კიდევ ერთხელ გაინადგურებს საკუთარ იმიჯს.
უკრაინის ომმა ბევრი რამ დაგვანახა, ბევრ რამეს ახადა ფარდა და დაარქვა შესაბამისი სახელი. ყველამ დავინახეთ, რომ თუკი რუსეთი უდანაშაულო ხალხის სისხლის ღვრით ვერ ძღება, დასავლეთი დემოკრატიის სახელით ცდილობს, მშვიდად და აუღელვებლად გაანადგუროს სახელმწიფოები, ვინც მას არ ემორჩილებიან. საქართველოსთვის ორივე მტრობაა. მტრობაა ის, როდესაც სააკაშვილის პირადი მეგობრები თუ ლობისტური კომპანიებით ნაყიდი ევროპარლამენტარები ქვეყანაში მკვლელი რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ. მტრობაა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და ზეწოლა ე.წ. დემოკრატიით.
არ ვიცით, ხვალ რა შეიცვლება, მაგრამ ევროკომისიის დასკვნამ ცხადყო ერთი რამ – საქართველო ვიღაცის ხელში სათამაშო თოჯინაა და დიდხანს რომ არ გაუგრძელდეთ ეს სახიფათო თამაში, შევახსენებთ ყველას, ვისთვისაც სამართლიანობა დღეს შენიღბული ფარია: საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსს, ჩვენ არ შევწყვეტთ სვლას იმ ღირებულებებისკენ, რომლებიც არა მხოლოდ დასავლეთის მონაპოვარია ჩვენში, არამედ ჩვენი ისტორიის ნაწილია. ქართველი ხალხი გაუძლებს ამ რყევებსაც და აუცილებლად გაიყვანს ქვეყანას მშვიდობიანი გზით განვითარებისკენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.
საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს საქართველოს პარლამენტში, სადაც განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში და გააგრძელებენ კონსულტაციებს მანდატების დატოვებაზე.