დიმიტრი ხუნდაძე - დღეს შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პრობლემებსაც განვიხილავთ
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე რეგიონების პრობლემატიკის განხილვას ვიწყებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.
„გუშინ გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში საარჩევნო შედეგების განხილვა, ახალი სტრატეგიის შემუშავება, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობასთან მეტი სიახლოვე, მეტი ინფორმირებულობა შევძლოთ პირდაპირი ხაზით და დავგეგმოთ, რომ მეორე ტურში გავიმარჯვოთ მაღალი მაჩვენებლით“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პრობლემები და რატომ არ დადგა რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველი გუნდისთვის სასურველი შედეგი.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ უშუალოდ რეგიონების საკითხის განხილვას. განვიხილავთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ პრობლემებს და ვითარებას შევაფასებთ, თუ რატომ მოხდა არასასურველი შედეგი და დავგეგმოთ, რომ კიდევ ერთხელ გავიდეთ სასურველ შედეგზე, ავაცილოთ ქვეყანას ხიფათი, რომელიც ემუქრება. მეორე მხარე, ანუ ოპონენტი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ხიფათი არის არა მხოლოდ პარტიის, არა მხოლოდ ამომრჩევლის ერთი ნაწილის, არამედ ეს არის ხიფათი ქვეყნის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ხუნდაძემ.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრა მიმდინარეობს.