დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, პოლიტიკურ სპეკულაციებზე უარი უნდა თქვან მათ, ვინც ამით არის დაკავებული და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას
დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, პოლიტიკურ სპეკულაციებზე უარი უნდა თქვან მათ, ვინც ამით არის დაკავებული და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას

ბევრი პირობის გამო – რომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში და ასევე, არჩევნების შემდეგ არ მოგვიწიოს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გამწვავების რეჟიმში ცხოვრება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე, მათ, ვინც ამით არის დაკავებული, უარი უნდა თქვან და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ხუნდაძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება შესაძლოა, 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდეს.

დიმიტრი ხუნდაძემ მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ისაუბრა. მან კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„თხოვნა მექნება, რომ ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტად დაგვიჯერეთ ხოლმე ექიმებს. როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი გამოგვქონდა, იქაც გვქონდა ჩვენ მოსაზრება, როცა იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ კონკრეტული ვადა და თარიღი დაწესებულიყო და ეს განისაზღვრა 15 ივლისით, მაგრამ იქვე ვამბობდით, რომ ეს პერიოდი არ იქნებოდა საკმარისი. ალბათ, უპრიანი იყო, რომ ეს ვადა ყოფილიყო პანდემიის არსებობის პერიოდით. მაგრამ ვითვალისწინებთ არსებულ ვითარებას, ასევე, ვითვალისწინებთ იმას, რომ წლის ბოლოსთვის იქნება უკვე შემდეგი მოწვევის პარლამენტი. მათაც დავუტოვოთ პასუხისმგებლობა და ვფიქრობ, რომ იმ პერიოდისთვის მათი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი, მაგრამ ჩვენი ყველას სურვილია, რომ პანდემიის რეჟიმში ამ დროისთვის უკვე აღარ გვიწევდეს ყოფნა. თუმცა, რეალობა ცოტა განსხვავებულია, ვიდრე მე იმედს გამოვთქვამ. კარგია, როცა ჩვენს ქვეყანაში იმედის მომცემია და ეპიდემიოლოგიური სურათი არის პოზიტიურად განვითარებადი, განსხვავებით, სხვა ქვეყნებისგან. არადა სხვა ქვეყნებში უკვე შეინიშნება მეორე ტალღის შესაძლო განვითარება. არაერთ ქვეყანაში უკვე შეინიშნება დაინფიცირების მზარდი ტენდენცია, და ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გამოიყენა ისევ აკრძალვის რეგულაციები.

ამიტომ ვფიქრობ, ძალიან ბევრი პირობის გამო, ის, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ის, რომ შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება, ის, რომ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში და ასევე, არჩევნების შემდეგ არ მოგვიწიოს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გამწვავების რეჟიმში ცხოვრება. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე იმ ადამიანებმა, ვინც ამით არის დაკავებული, უნდა თქვან უარი და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში. უმრავლესობას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ვითარების სწორად შეფასებისათვის და ასევე მთავრობას სწორად მართვისთვის, მაგრამ სურვილი არ არის მხოლოდ საკმარისი. მივცეთ მთავრობას იმის საშუალება, რომ კრიზისი მართონ სიმძიმეების გარეშე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი რომ იძლეოდეს ამის საშუალებას“,- განაცხადა ხუნდაძემ.