დიმიტრი ხუნდაძე - 2012 წელს 40 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა და მათი რაოდენობის შემცირების მიზნით, ხელისუფლებამ რამდენიმე ინიციატივა შეიმუშავა
დიმიტრი ხუნდაძე - 2012 წელს 40 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა და მათი რაოდენობის შემცირების მიზნით, ხელისუფლებამ რამდენიმე ინიციატივა შეიმუშავა

2012 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 40 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა და მათი რაოდენობის შემცირების მიზნით, ხელისუფლებამ რამდენიმე, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„აკრძალულ იქნა სელექციური ტიპის, ანუ, სქესის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული აბორტები, რამაც სქესთა შორის ბალანსი მნიშვნელოვნად დააზიანა, რადგან მდედრობითი სქესის დაფიქსირების შემთხვევაში, ბიჭის გაჩენისთვის გოგონათა ორსულობას ვწყვეტდით“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, სამიდან ხუთ დღემდე გაიზარდა აბორტის წინა პერიოდი, რათა პოტენციურ დედას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, თუ რა არის აბორტი და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ კრიმინალურ აბორტებთან დაკავშირებით შემოვიდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ ის, რომ თუ 2012 წელს 40 000 მხოლოდ რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა, 2016 წელს მათი რაოდენობა 9 000-ით შემცირდა, 2018 წლის წინასწარი პროგნოზით კი, აბორტების რიცხვი 23 000-ს არ გადააჭარბებს.

„დინამიკა დადებითია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ცოტაა და სწორედ ამიტომ უნდა იყოს გზამკვლევი, ძირითადი დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი სრულიად ლოგიკურად ჰქვია. ეს ქვეყნის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია. კავკასიაში დისბალანსი ირღვევა და სამწუხაროდ, საქართველო დომინანტის ფუნქციას ნელ-ნელა კარგავს. 1926 წლის მონაცემებით, კავკასიაში ყოველი მესამე საქართველოს მოქალაქე იყო, 2010 წლის მონაცემით უკვე ყოველი მეექვსეა და ეს რიცხვი თანდათან იზრდება, ანუ, კავკასიაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.