დიმიტრი გვრიტიშვილი - უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიის შეჩერებაზე ან პარლამენტის არალეგიტიმურობაზე საუბარი აბსურდულია
საუბარი უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიის შეჩერებაზე ან პარლამენტის არალეგიტიმურობაზე აბსურდულია, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, ანა დოლიძის ბრალდებებს და წინადადებას, რომლის მიხედვითაც დოლიძემ მოუწოდა პარლამენტს, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიის განხილვა, დაბალი ლეგიტიმურობიდან გამდინარე გადადოს.
დიმიტრი გვრიტიშვილი ამ მოსაზრებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა შერჩევის ვადები კანონით არის გაწერილი.
„ეს არის კიდევ ერთი აბსურდული მოსაზრება. საქართველოს პარლამენტი კანონის დადგენილი წესით არჩეულია ოთხი წლის ვადით. რა თქმა უნდა, აზრის გამოხატვის უფლება ჩვენს სახელმწიფოში დაცულია, მაგრამ ეს არის აბურდული მოსაზრება. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს, ეს პროცესიც დარეგულირებულია ორგანული კანონის დონეზე. მას აქვს თავისი ვადები და ეტაპები, რომელიც უნდა განხორციელდეს. პროცესი დაწყებულია და გაგრძელდება სწორედ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამიტომ, საუბარი სიის შეჩერებაზე, ან პარლამენტის არალეგიტიმურობაზე აბსურდულია“, – განაცხადა გვრიტიშვილმა დოლიძის საპასუხოდ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, ამ მოწვევის პარლამენტმა, დაბალი ლეგიტიმაციის გამო, იუსტიციის საბჭოს მიერ გადაგზავნილი უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სია არ უნდა დაამტკიცოს და მისი განხილვა, შემდეგი მოწვევის პარლამენტს უნდა გადააბაროს. მისივე განცხადებით, ვიდრე ახალი მოსამართლეები შეირჩევიან, შესაძლებელია დღეს მოქმედი მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება ან მხოლოდ რამდენიმეს დამტკიცება.