ანა დოლიძე - პარლამენტმა, რომელსაც მინიმალური ლეგიტიმურობა დარჩა, დაუშვებელია, უზენაეს სასამართლოში წამსვლელ კანდიდატებს სანდოობა მისცეს
ანა დოლიძე - პარლამენტმა, რომელსაც მინიმალური ლეგიტიმურობა დარჩა, დაუშვებელია, უზენაეს სასამართლოში წამსვლელ კანდიდატებს სანდოობა მისცეს

დაუშვებელია, რომ ამ პარლამენტმა, რომელსაც დარჩა მინიმალური ლეგიტიმურობა, რაიმე სანდოობა მისცეს კანდიდატებს, რომლებიც წავლენ უზენაეს სასმართლოში, – ამის შესახებ იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეფასებისას განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, ამ მოწვევის პარლამენტმა, დაბალი ლეგიტიმაციის გამო, იუსტიციის საბჭოს მიერ გადაგზავნილი უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სია არ უნდა დაამტკიცოს და მისი განხილვა, შემდეგი მოწვევის პარლამენტს უნდა გადააბაროს. მისივე განცხადებით, ვიდრე ახალი მოსამართლეები შეირჩევიან, შესაძლებელია დღეს მოქმედი მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება ან მხოლოდ რამდენიმეს დამტკიცება.

საბჭოს არამოსამართლე წევრის მტკიცებით, კანონი პარლამენტის მიერ სიის დამტკიცების გადადების შესაძლებლობას იძლევა.

„სია, რომელიც უნდა წავიდეს პარლამენტში დასამტკიცებლად, დაამტკიცა „კლანმა“ არც მეტი, არც ნაკლები 20 ივნისის საღამოს, როდესაც მთელი საქართველო გასული იყო რუსთველის გამზირზე ოკუპაციის გასაპროტესტებლად. დაუშვებელია, რომ ამ პარლამენტმა, რომელსაც დარჩა მინიმალური ლეგიტიმურობა, რაიმე სანდოობა მისცეს კანდიდატებს, რომლებიც წავლენ უზენაეს სასმართლოში. ამიტომ, საქართველოს პარლამენტმა არ უნდა განიხილოს, კანდიდატთა ის სია, რომელიც შევა აქედან. სამაგიეროდ, ის მოსამართლეები, რომლებიც არიან უზენაესში, მათ ჩვენ, საბჭომ უნდა გავუგრძელოთ ვადა. ეს მოგცემს საშუალებას, რომ მიიღოს და მხოლოდ შემდეგმა პარლამენტმა, რომელსაც ექნება მაღალი ლეგიტიმურობა ხალხისგან, დანიშნოს და შეავსოს უზენაესი სასამართლო.

ამ პარლამენტმა, რომელსაც დარჩენია მინიმალური ლეგიტიმურობა, არ შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაამტკიცოს, იმიტომ, რომ ამით ის უზენაეს. სასამართლოს კი არ მიანიჭებს სანდოობას, პირიქით, რაც აქვს იმასაც წაართმევს.

კანონი იძლევა ცალსახა შესაძლებლობას რომ საქართველოს პარლამენტმა განუხილველად დატოვოს, კანდიდატთა ის სია, რომელიც აქედან შევა, ზუსტად ისე, როგორც გაუკეთეს გიორგი მარგველაშვილის მიერ გადაგზავნილ სიას. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შინაარსისგან დაცლილმა პარლამენტმა შეიძლება გააკეთოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ 50 კანდიდატთან გასაუბრების პროცესს ჩანიშნავს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.