დიმიტრი გვრიტიშვილი - ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება არის უპასუხისმგებლო და სახიფათო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლოსა და სახიფათოს უწოდებს.
დიმიტრი გვირიშვილმა ასევე 2016 წელს გონიოში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა, რა დროსაც მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვან შვილსა და გიორგი მიქაუტაძეს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
„ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება გარდა იმისა, რომ აბსურდულია, ასევე არის უპასუხისმგებლო და გარკვეულწილად სახიფათოც. ვინმეს თუ გაუგია ნორმალური ქვეყნის შესახებ, სადაც მოსამართლეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილო მხარე მიუვარდეს და ოჯახის თანდასწრებით მიაყენოს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტობრივად, ნაზი ჯანეზაშვილი „მწვანე შუქს“ უნთებს უკმაყოფილო მხარეს.
საქართველოს მოსამართლეთა კორპუსის ნებისმიერი მოსამართლის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს იგი, თუ მდივანს ასე ექცევიან, მაშინ წარმოიდგინეთ, რაიონის მოსამართლე, ანუ ჩვეულებრივი მოსამართლე რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს – მიუვარდეს უკმაყოფილო მხარე და ოჯახის თანდასწრებით ამგვარად გაურჩიოს საქმე. ეს არის არასწორი და სახიფათო. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ნაზი ჯანეზაშვილს, თუ რომელიმე მოსამართლის მიმართ მომავალში ამგვარი ქმედება განხორციელდება უკმაყოფილო მხარის მხრიდან“, – განმარტა დიმიტრი გვირტიშვილმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე გავლენების გამოყენებაში დაადანაშაულა. ამასთან, ჯანეზაშვილმა გაიხსენა 2016 წელს გონიოში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვან შვილსა და გიორგი მიქაუტაძეს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რის გამოც ამ დროისთვის ორი საქმე არის აღძრული – ერთი არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე, ხოლო მეორე მოსამართლის მიმართ მუქარაზე.