ნაზი ჯანეზაშვილი გიორგი მიქაუტაძეს გავლენების გამოყენებაში ადანაშაულებს
ნაზი ჯანეზაშვილი გიორგი მიქაუტაძეს გავლენების გამოყენებაში ადანაშაულებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი მიქაუტაძეს გავლენების გამოყენებაში ადანაშაულებს და ამ კუთხით რამდენიმე გარემოებაზე საუბრობს. აღნიშნულზე ჯანეზაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

იუსტიციის საბჭოს წევრის თქმით, საეჭვოა გიორგი მიქაუტაძის სურვილი, გახდეს უვადო მოსამართლე დღეს, იმ ფონზე, როდესაც სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ბოლოს ეწურება. ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ საბჭოს მდივანი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჩქარობს, სასურველი შედეგი თანამდებობაზე ყოფნის დროს მიიღოს.

გარდა ამისა, ჯანეზაშვილი იხსენებს 2016 წელს გონიოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვან შვილსა და გიორგი მიქაუტაძეს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რის გამოც ამ დროისთვის ორი საქმე არის აღძრული – ერთი არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე, ხოლო მეორე მოსამართლის მიმართ მუქარაზე.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მიქაუტაძის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. კიკილაშვილი დღეს უვადო მოსამართლეა, რასაც ჯანეზაშვილი პირდაპირ აკავშირებს მოქაუტაძის საქმესთან.

ჯანეზაშვილი მოუწოდებს მედიას, დაინტერესდეს აღნიშნული გარემოებებით და მისცენ აღნიშნულ გარემოებებს სათანადო შეფასება.