დიმიტრი გვრიტიშვილი - ხდება მოსამართლეთა დემონიზება, თუმცა ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ჩართული არიან გარკვეული სუბიექტები
დიმიტრი გვრიტიშვილი - ხდება მოსამართლეთა დემონიზება, თუმცა ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ჩართული არიან გარკვეული სუბიექტები

ხდება მოსამართლეთა დემონიზება, თუმცა ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ჩართული არიან გარკვეული სუბიექტები მათ შორის ზოგიერთი არამოსამართლე წევრიც ცდილობს, რომ ამ უსაგნო ცილისწამებით და ლანძღვით მოიპოვოს პოლიტიკური ქულები, სასამართლო ხელისუფლების ხარჯზე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, აქამდე პარლამენტის წინაშე გამომსვლელი კანდიდატები იყვნენ კომპეტენტურები და გულწრფელები.

„თამარ ალანიას გარკვეულწილად არ გაუმართლა, რადგან პირველს მოუწია ამ პროცესში პარლამენტის წინაშე წარდგომა, მრავალი საათი. შეიძლება ცოტა ღელვა ემჩნეოდა, თუმცა მისი პასუხები სამოსამართლეო ეთიკის ფარგლებში ამომწურავი და კომპეტენტური იყო. ყოველი შემდგომი კანდიდატი გაცილებით მშვიდად და გაწონასწორებულად პასუხობს დასმულ შეკითხვებს. ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები იმსახურებენ, რომ გამწესდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. მათ დააკმაყოფილეს კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის თაობაზე. რაც შეეხება ეუთო-სა და ევროსაბჭოს ანგარიშებსა და დასკვნებს, ჩვენ არ ვეთანხმებით. მაგალითად, ამ ანგარიშების მთავარი ნაკლი არის ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოაწერეს ისეთი ე.წ. ხარვეზები, რომლებიც საკანონმდებლო რეგულაციით არის განპირობებული. მაგალითად, ფარული კენჭისყრა რომ არსებობს, ეს საბჭოს დადგენილი არ არის და თუ კი ამას ოდირი და ევროსაბჭო მიიჩნევს ხარვეზად, ეს უნდა გასწორდეს საკანონმდებლო ცვლილებით და იუსტიციის საბჭო ამ შემთხვევაში კრიტიკის ადრესატი ვერ იქნება, რადგან მას საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც კი არ აქვს“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.