დიმიტრი გვრიტიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატზე მოიძიებს არა მხოლოდ ბიოგრაფიულ ცნობებს, არამედ პროფესიულსაც
დიმიტრი გვრიტიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატზე მოიძიებს არა მხოლოდ ბიოგრაფიულ ცნობებს, არამედ პროფესიულსაც

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე ინფორმაციის მოძიების პროცედურების დახვეწაზე იმსჯელებს. ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმა.

ინიციატივის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ მოიძიებს არა მხოლოდ ბიოგრაფიულ ცნობებს, არამედ პროფესიულსაც.

საბჭოს მოსამართლე წევრს დიმიტრი გვრიტიშვილს მიაჩნია, რომ იუსტიციის საბჭომ საია-ს რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი საკუთარ ინიციატივებში ასახა.

„კანონის თანახმად, საბჭო აქვეყნებდა კანდიდატის შესახებ ბიოგრაფიულ მონაცემებს. საია მიიჩნევდა, რომ ეს არის ზოგადი ფორმულირება და აუცილებლად უნდა დაკონკრეტდეს. საია-ს წინადადება იყო, რომ ინფორმაცია ყოფილიყო მხოლოდ კანდიდატის განათლების შესახებ, მათი პროფესიული საქმიანობისა და მიღწეევების შესახებ. ეს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და ასახულია გადაწყვეტილების პროექტში. ასევე იყო მითითება, რომ დეპარტამენტი, როდესაც გამოითხოვს კანდიდატის შესახებ ინფორმაციას, ფაქტობრივად, არ არის კანონით განსაზღვრული, რა სახის ინფორმაცია რა წყაროებიდან უნდა გამოითხოვოს. ამომწურავად განისაზღვრება იმ სუბიექტების წრე, საიდანაც დეპარტამენტი უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია შსს-ს შესაბამისი სამსახურიდან, რომელიც აღრიცხავს კანდიდატის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციას, საბანკო დავალიანების შესახებ და ასე შემდეგ. განსაზღვრული იქნება კონკრეტული ჩამონათვალი, რა სახის ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს, ეს იქნება ქონებრივი დეკლარაციებიდან დაწყებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, იყო მითითება, რომ კანდიდატს არ აქვს საკმარისი ვადა, რათა გაეცნოს მასზე მოძიებულ ინფორმაციას და თუ სურვილი ექნება, გასცეს პასუხი საპასუხო მტკიცებულებების წარმოდგენით. კანონით განსაზღვრული იყო 5-დღიანი ვადა და ჩვენ ესეც გავითვალისწინეთ და არსებული ვადა იზრდება 10 სამუშაო დღემდე“, – განმარტა დიმიტრი გვირიშვილმა.

საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ცხრა საკითხს განიხილავენ. მათ შორის საბჭო იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ იმსჯელებს და მსურველთა მისაღებად თარიღს გამოაცხადებს. კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, კონკურსი ოქტომბერში გამოცხადდება.