დიმიტრი გაბუნია - მალე დასახელდება კონკრეტული ადამიანების ვინაობა, რომლებიც ზვიად დევდარიანის რეპუტაციის შელახვით იყო დაინტერესებული
გპირდებით, სულ მალე დასახელდება კონკრეტული ადამიანების ვინაობა, რომლებიც ზვიად დევდარიანის რეპუტაციის შელახვით იყო დაინტერესებული, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„სხვანაირად არც გამოვა, რადგან სულ მალე სასამართლოში ადამიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაზე სამოქალაქო სარჩელი შევა, სადაც მოპასუხეები იქნებიან დასახელებული.გარდა ამისა, პროკურატურაში შევა განცხადება კონკრეტული პირების მიმართ, რაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლოა, დაფარული იყოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ფეიქბუქსასამართლო, აბსოლუტურად ამაზრზენი იყო, როცა ადამიანები ზვიად დევდარიანს ბრალდებას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უყენებდნენ და ასეთ პირობებში მსხვერპლი შესაძლოა, ნებისმიერი პირი აღმოჩნდეს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, როცა პირი ისეთ სერიოზულ განცხადებას აკეთებს, როგორიც ადამიანის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას ეხება, ეს მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული.
„თუ ამ ე.წ უფლებაშელახულ ადამიანებს რამე მტკიცებულება აქვთ, შს სამინისტროს აქამდე რატომ არ მიმართეს?! სამართლებრივად, ეს საქმე იმიტომაა საინტერესო, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს გამიჯვნა, ცილისწამების ზღვარი სად გადის“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, სამართლებრივი ბრძოლა ახლა დაიწყო და გადაწყვეტილება ძალიან პრეცედენტული იქნება.
„აქ უკვე საუბარი არ არის ზვიად დევდარიანზე. ეს არის კოლექტიური, განზოგადებული თემა და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს პრეცედენტი, რომ განცხადებების კეთება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ცრუ ბრალდებებით არ შეიძლება“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.