დიმიტრი ცქიტიშვილი - სოსო ფხაკაძეს მოვუწოდებ, კულუარულ გადაწყვეტილებებს ურჩევნია, „შრომის კოდექსის“ განხილვაში ჩაერთოს
დიმიტრი ცქიტიშვილი - სოსო ფხაკაძეს მოვუწოდებ, კულუარულ გადაწყვეტილებებს ურჩევნია, „შრომის კოდექსის“ განხილვაში ჩაერთოს

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს, სოსო ფხაკაძეს მოვუწოდებ, კულუარულ გადაწყვეტილებებს ურჩევნია, „შრომის კოდექსის“ განხილვის პროცესში ჩაერთოს და კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, რომელიც „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ავტორია.

დეპუტატის თქმით, ბიზნეს ასოციაციას კითხვები აქვს, რაც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მთავარია, ისინი დასაქმებულებს მოელაპარაკონ.

„მათ უნდა ისაუბრონ პროფკავშირებთან და ადამიანის უფლებათა იმ დამცველებთან, ვისაც ბევრი ქეისიდან გამომდინარე კითხვები აქვთ მოქმედ კანონმდებლობასთან. დასაქმებულების წინაშე ვალდებულებები არსებობს და ხელისუფლებას ცვლილებები აქვს მისაღები, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში პროგრესი იყოს.

ვერ ვიტყოდი, რომ ბიზნეს ასოციაცია ყველა ბიზნესს წარმოადგენს, ბიზნესი მრავალფეროვანია. პოზიციები უნდა დაახლოვდეს ბიზნესსა და დასაქმებულების წარმომადგენლებს შორის და არა, ჩვენს შორის. მათ მოვუწოდებ, კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში ჩაერთონ და ნუ ეცდებიან კულუარული გზებით გადაწვეტილებებზე ზემოქმდებას. ეს სწორი გზა არ არის. არც ერთ მხარეს უფლება არ აქვს, შრომითი კანონმდებლობა საკუთარ თავზე მოირგოს. სახელმწიფოში არიან დასაქმებულები და დამსაქმებლები, რომელთა დაცვას კანონი უნდა მოემსახუროს. სოსო ფხაკაძეს ჩემთან კომუნიკაცია არ ჰქონია. სხვებთან, მათ შორის ევროპის ბიზნესს ასოციაციასთან შეხვედრა იყო, სხვადასხვა სექტორსაც შევხვდით. დავინახეთ რესურსი, რომ კომპრომისული ვერსიის ჩამოყალიბების საშუალება არსებობს, რომელსაც ორივე მხარე დათანხმდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელები დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე განსახილველი საკითხები – „შრომის კოდექსი“, „საგადასახადო კოდექსი“ და სოფლის მეურნეობის საკითხი იყო. შეხვედრას დიმიტრი ცქიტიშვილი არ დასწრებია. რაც შეეხება „შრომის კოდექსს“, მისი ინიცირება პარლამენტში ჯერ არ მომხდარა.