დიმიტრი ცქიტიშვილი - შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, პროკურატურა ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით საქმეს აღძრავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, რამდენად არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და შესწავლის საფუძველი წერილი, რომელზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობს, ეს მთავარი პროკურატურის განსახილველი საკითხია.
როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, მთავარია, სპეკულაციები დასრულდა, რომ რაღაც წერილი აქვთ, რადგან უწყებაში მიიტანეს.
„რამდენად არის აღნიშული წერილი საქმის აღძვრისა და შესწავლის საფუძველი, ეს უკვე პროკურატურის საქმეა. როგორც დეპუტატს არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გარდა იმისა, რასაც მედიიდან ვიღებ. ვფიქრობ, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და თუ საფუძველი არსებობს, საქმეს აღძრავს და გამოიძიებს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა ე.წ. მუქარის წერილის დედანი დღეს პროკურატურაში უნდა წარადგინონ. ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ხაზარაძემ მიმდინარე წლის მარტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.