დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცებით, პარლამენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო
დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დამტკიცებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ცქიტიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოხდა როგორც სტრუქტურული, ასევე დემოკრატიული თვალსაზრისით.
„ირაკლი შოთაძის კომპეტენციას არ ვეხები. შეიძლება, დავის საგანი იყო, მაგრამ ახლა საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ როცა ადამიანი თავის მოვალეობას თავს ერთხელ ვერ გაართმევს და მოუწევს გადადგომა, არ მგონია, თანამდებობაზე მისი დაბრუნება რაიმე პოზიტიურის მომტანი იყოს ინსტიტუციისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა.
საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.
ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო, ხოლო შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.