დიმიტრი ჩიქოვანი აცხადებს, რომ „პოსტივის“ წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
დიმიტრი ჩიქოვანმა და მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ცრუ დასმენის ფაქტთან დაკავშირებით სარჩელი შეაქვთ „პოსტივის“ წინააღმდეგ.
„24 მარტს მომხდარ პროვოკაციულ ინციდენტთან დაკავშირებით აუცილებლად მექნებოდა სამართლებრივი რეაგირება. გავიარე კონსულტაციები ჩემს ადვოკატებთან და შევიტანთ სარჩელს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში „პოსტივის“ წინააღმდეგ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა ბრიფინგზე.
ბექა ბასილაიას განცხადებით, აღნიშნული ქმედება იყო ცრუ ბრალდება, რასაც რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„მთელმა საზოგადოებამ და საქართველომ იხილა 24-ში ღამით და ფაქტობრივად 25-შიც, რა დანაშაულებრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი დიმა ჩიქოვანის წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ ცრუ დასმენა, როდესაც დიმა ჩიქოვანს ცილი დასწამეს უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში, თითქოს მან ადამიანი გაიტაცა და შემდეგ ძალადობდა მასზე. ეს ცილისწამება არ შემოიფარგლა მხოლოდ ეთერში მსგავსი განცხადებით, ამას მოჰყვა ნათია ბერიძის მხრიდან პროპაგანდისტული სახელისუფლებო არხის „პოსტივის“ წარმომადგენლის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინება, როდესაც მათ მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია, თითქოს დიმა ჩიქოვანმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულები და ამის შემდეგ ადგილზე მოვიდა პოლიციის არაერთი ეკიპაჟი. დაირღვა არსებითად დიმა ჩიქოვანის უფლებები. ჩვენ ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის რეაგირებას, რომ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ფაქტებს. ასევე, ჩვენ გვინდა, გამოვეხმაუროთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის საქმიანობაზე ხელშეშლაზე. ვემიჯნებით და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერ ფაქტს. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ფაქტები ნამდვილად არ შეიცავს რაიმე მსგავსი დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, მივცეთ ჩვენება“, – განაცხადა ადვოკატმა.