დიმიტარ გლავჩევი - მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბულგარეთი დიდად აფასებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს
ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტარ გლავჩევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ბულგარეთის მხარე დიდად აფასებს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.
დიმიტარ გლავჩევი აღნიშნავს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს საერთო ევროპულ გზაზე წინსვლაში.
„თქვენო აღმატებულებავ! გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.
ბულგარეთის რესპუბლიკა დიდად აფასებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს, რაც, ტრადიციულად, მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება.
მჯერა, საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობები, რასაც ჩვენი ორი ქვეყნის მოქალაქეები იზიარებენ, კვლავაც ძლიერი მუხტის მატარებელი იქნება საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული კონტაქტები და ნაყოფიერი თანამშრომლობა წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში, ისევე როგორც ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე წინსვლაში.
გისურვებთ ქართველ ხალხს და პირადად თქვენ ჯანმრთელობასა და წარმატებებს ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას“, – აღნიშნულია წერილში.