ლუკა გუგეშაშვილი გორის „დილაში“ ითამაშებს. ინფორმაციას „დილას“ პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების მეკარე პოლონურ „იაგელონიაში“ თამაშობდა, „დილას“ კი იჯარის წესით შეუერთდა. ლუკა თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და პოლონეთში წასვლამდე თბილისურ კლუბში გამოდიოდა.
ზაფხულში „დილამ“ რამდენიმე მოთამაშე დაიმატა – ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი თორნიკე გრიგალაშვილი, ყაზახეთიდან – გოგიტა გოგუა, უკრაინის პრემიერლიგის „დესნადან“ – ცენტრალური მცველი, გიორგი გადრანი, გამბიის 23 წლამდე ნაკრების წევრები, თავდამსხმელი პა ომარ ბაბოუ და შემტევი ნახევარმცველი, გაირა ჯოოფი, უკრაინული „მარიუპოლის“ მცველი ერიკს სანტოსი.
გორის „დილა“ ჯერ მხოლოდ სამ მოთამაშეს შეელია – კაპო-ვერდელ შემტევ ალვინ ფორტესს, თავდამსხმელს გიორგი ფანცულაიასა და მცველ ჯემალ გოგიაშვილს.