„დილამ“ „სამტრედია“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგას ლიდერობს #1TVSPORT
„დილამ“ „სამტრედია“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგას ლიდერობს #1TVSPORT

გორის „დილამ“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „სამტრედიას“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვებით სატურნირო ცხრილში გალიდერდა – 3:0.

„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. გუნდის კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ 30-ე წუთზე თავისივე მოპოვებული პენალტით ანგარიში გახსნა, ხოლო 45+1-ე წუთზე აბუბაქარ კონტემ სტუმრების კარი მეორედ აიღო.

შესვენების შემდეგ „დილას“ უპირატესობა 67-ე წუთზე შოთა შეყილაძემ გაზარდა, საგოლე გადაცემა კი ნიკა გაგნიძემ შეასრულა. „სამტერდიას“ სხვაობის შემცირება შეეძლო, მაგრამ მასპინძლების კარში 74-ე წუთზე დანიშნული პენალტი გიორგი გოგოლაშვილმა ვერ გამოიყენა – ბურთი „დილას“ მეკარემ, დავით კერესელიძემ მოიგერია.

გორის „დილამ“ 7 ტურის შემდეგ 16 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „იბერიამ“, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით გალიდერდა, „სამტრედია“ (6) კი ბოლო, მე-8 პოზიციაზეა.

ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა კი 8 აპრილს გაიმართება – ბათუმის „დინამო“ „დინამო თბილისს“ „ბათუმი არენაზე“ უმასპინძლებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.