დიკ დურბინი - გამჭვირვალობასა და გამოვლენასთან დაკავშირებით მსგავსი კანონი აშშ-შიც არის, თუმცა მთავარია, ასეთმა კანონმა სიტუაცია იქით არ წაიყვანოს, რომ ორგანიზაციებმა შეწყვიტონ საქმიანობა
დიკ დურბინი - გამჭვირვალობასა და გამოვლენასთან დაკავშირებით მსგავსი კანონი აშშ-შიც არის, თუმცა მთავარია, ასეთმა კანონმა სიტუაცია იქით არ წაიყვანოს, რომ ორგანიზაციებმა შეწყვიტონ საქმიანობა

გამჭვირვალობასა და გამოვლენასთან დაკავშირებით მსგავსი კანონი აშშ-შიც არის, თუმცა მთავარია, ასეთმა კანონმა სიტუაცია იქით არ წაიყვანოს, რომ ორგანიზაციებმა შეწყვიტონ საქმიანობა, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, დიკ დურბინმა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს „ხალხის ძალის“ წევრების მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

კერძოდ, ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე სენატორებს, ჯინ შაჰინსა და დიკ დურბინს კითხვა დაუსვა: „ბოლო პერიოდში საქართველოში საუბრობენ, რომ საგარეო ვექტორი შესაძლებელია, უფრო მეტად გადაიხარა დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ. ამას ემატება „ხალხის ძალის“ კანონპროექტი, ახდენს თუ არა ეს გავლენას საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე. თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ საქართველოს ამ მიმართულებით უკუსვლა აქვს“.

„ამ საკითხებზე ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთანაც და შეხვედრებზეც წამოვწიეთ. აშშ-შიც არის მსგავსი კანონი გამჭვირვალობასა და გამოვლენასთან დაკავშირებით. თუმცა მთავარია, რომ ასეთმა კანონმა სიტუაცია არ წაიყვანოს იქით, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა შეწყვიტონ საქმიანობა. ეს ის მიმართულებაა, რაც აირჩიეს რუსეთმა და ვენესუელამ“, – განაცხადა დიკ დურბინმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი არ არის აშშ-ის კანონის მსგავსი და რომ იგი არის რუსული კანონის მსგავსი. მისივე თქმით, ასეთი კანონი მიიღო უნგრეთმაც და დადასტურდა, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოა.

„ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი არ არის აშშ-ის კანონის მსგავსი. იგი არის რუსული კანონის მსგავსი. ასევე მსგავსი კანონი მიღებულ იქნა უნგრეთის მიერ და დადასტურდა, რომ არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან, არ არის თანხვედრაში სტანდარტებთან, ასევე ადამიანის უფლებების რეალიზებასთან. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.