დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს სპეციალურ მიმართვას უგზავნის
არასამთავრობო ორგანიზაციები მერიას დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით მიმართავენ და სთხოვენ, უარი თქვას ტყე-პარკის ტერიტორიაზე, Kia Motors-ის შენობის ადგილზე საკონცერტო და საგამოფენო სივრცის აშენებაზე.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ახალი კომპლექსი ფუნქციურად შეუთავსებელია ტყე-პარკის დანიშნულებასთან, რამდენადაც მისგან გამოწვეული გაორმაგებული დატვირთვა მძიმედ აისახება პარკის ეკოსისტემაზე და დააზიანებს მოსახლეობის საჯარო ინტერესს, ისარგებლოს ტყე-პარკის უნიკალური ეკოლოგიური რესურსით.
მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, რთული იქნება, ამ ტერიტორიაზე შემდგომი სამშენებლო საქმიანობის შეჩერება და ქალაქის ურბანული პოლიტიკა უცვლელი დარჩება.
„განცხადებაში ხუთი მოთხოვნაა:
უარი ეთქვას დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი ნაგებობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნას.
ქალაქ თბილისის მერის განცხადებასთან თანხმობაში,Kia Motors-ის ამ ტერიტორიაზე განლაგენულ შენობა-ნაგებობას მიენიჭოს შეუსაბამო ნაგებობის სტატუსი.
ახალი გენგეგმის პროექტის ფარგლებში, დიღმის ტყე-პარკის მთლიან ტერიტორიაზე გავრცელდეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი მშენებლობა.
მომავალ გენერალურ გეგმაში შენარჩუნდეს ამ ტერიტორიისთვის 2006 წელს მინიჭებული სპეციალური გამწვანების ზონის სტატუსი და შეზღუდვის ზონა.
გაიმართოს საჯარო შეხვედრები დაინტერესებულ ჯგუფებთან დიღმის ტყე-პარკის დაცვისა და შენარჩუნების სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით”, – აღნიშნულია არასამთავრობოების ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ „კავკასიური სახლი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მწვანე ალტერნატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, ინიციატივა „საჯარო სივრცისთვის“, CENN და „უსაფრთხო სივრცე“.