დიეგო კოლასი - ვფიქრობ, ქართველ ხალხს აქვს ძლიერი ევროპული ფესვები, თავს ევროპელად გრძნობენ და ლოგიკურია, რომ არჩევანი თავად უნდა გააკეთონ
ეს არის ქართველების არჩევანი, რომ გადაწყვიტონ, რომელი მიმართულებით სურს ქვეყანას სვლა, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.
დიეგო კოლასს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის არჩევანში ძირეულია, ჰქონდეთ გზა ევროპისკენ და დასავლეთისკენ.
„დღევანდელი პროექტი აჩვენებს, რომ ჩვენ მეგობრები ვართ ყველა დროში. კარგ ამინდში, ცუდ ამინდში, გამოწვევების დროს და ბედნიერების დროს. ვფიქრობ, ქართველ ხალხს აქვს ძლიერი ევროპული ფესვები და თავს ევროპელად გრძნობს. ამიტომ ლოგიკურია, რომ არჩევანი თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მათთან ერთად ვიქნებით“, – განაცხადა ელჩმა.