დიეგო კოლასი - ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდა შესაძლებლობაც არის და რისკიც
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდა შესაძლებლობაც არის და რისკიც, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ქუთაისის რეგიონის განვითარების შესაძლებლობა.
„ქუთაისში სტუმრობის დროს საზღვრისა და მიგრაციის საკითხების განხილვის გარდა, ფრანგული ინვესტიციით აშენებულ ქარხანას დავათვალიერებ, ვეწვევი უნივერსიტეტებსა და სკოლებს. ასე რომ, ეს არის ქუთაისის განვითარება და აეროპორტის განვითარება ამის გაკეთების შესაძლებლობაა, მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ თუ ეს აეროპორტი განვითარდება, უნდა იყოს სათანადო შესაძლებლობა, დაწესდეს შესაბამისი კონტროლი. სწორედ ამიტომ გვქონდა შეხვედრა დავრწმუნებულიყავით, რომ ვაგრძელებთ კარგ მუშაობას საქართველოს ხელისუფლებასთან. ეს იყო პრაქტიკული შეხვედრა კარგ პარტნიორებს შორის, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთთან მუშაობას, სამოქალაქო ავიაციის, აეროპორტის უსაფრთხოებისა და სასაზღვრო პოლიციის პარტნიორებთან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული დიდი დელეგაციაა. ყველა ეს ადამიანი ერთად მუშაობს ეფექტიანი კონტროლის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს დიეგო კოლასი.
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, ევროკავშირის, მიგრაციის ოფისისა და სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სტუმრობდა.
ამასთან, ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რაოდენობის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა. საბჭოს მონაცემებით, შარშან ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობამ 41.6 პროცენტით მოიმატა.