დიდთოვლობის გამო გურიაში ორ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
დიდთოვლობის გამო გურიაში ორ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მესამე დღეა, რაც გურიის რეგიონში თოვს. ინტენსიური ნალექის შედეგად თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში ერთ მეტრს მიაღწია. თოვლმა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემა შექმნა ორ სოფელში – მაკვანეთსა და წითელმთაში.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და პრობლემა უახლოეს საათებში გადაიჭრება.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის მიწოდებას, მიწოდება შეფერხების გარეშე ხდება.

„გურიაში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა უამინდობა. მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი შეფერხრბები არ შეინიშნება. ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს, მხოლოდ ოზურგეთში გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც მალე იქნება აღმოფხვრილი. სამივე მუნიციპალიტეტში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ქეთი მოისწრაფიშვილმა.