ხულოში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია (ვიდეო)
ხულოში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია (ვიდეო)

აჭარის მაღალმთიან რაიონებში დიდთოვლობაა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხულოში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, ხოლო სოფლებში მეტრნახევარს. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა.

უხვი ნალექის გამო, სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია. ცენტრალურ გზაზე ამ დროისთვის მოძრაობა შესაძლებელია, თუმცა მოქმედებს მცირე შეზღუდვები. ხულოს მერის გოჩა მელაძის ინფორმაციით, იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

„ახლაც ინტენსიურად თოვს. ამ დროისთვის, ცენტრში თოვლის საფარი უკვე მეტრს აჭარბებს. ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. გოდერძის უღელტეხილამდე მოძრაობა შესაძლებელია, თუმცა არის მცირედი შეფერხებები და ადგილებზე ტექნიკა მუშაობს.

დიდი თოვლის გამო, შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, დაზიანდა ელექტროსადენები, რის გამოც სოფლების უმრავლესობას შუქი არ მიეწოდება. დაზიანებულ ადგილებზე მუშაობენ „ენერგო პროს“ ბრიგადები“, – განაცხადა გოჩა მელაძემ.

უხვი ნალექის გამო, ხულოს 49 საჯარო სკოლიდან 43-ში სასწავლო პროცესი შეწყდა. შუახევის 28 სკოლიდან სასწავლო პროცესი 16-ში შეწყვეტილია, ქედაში კი გაკვეთილები მხოლოდ ერთ საჯარო სკოლაში არ ჩატარებულა.