საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც ქართველ მეზღვაურებს უფლება მიეცათ, დასაქმდნენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად, უსაფრთხო და ძლიერ ფლოტში, სადაც სრულიად დაცულია მეზღვაურის შრომითი უფლებები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ხელმოწერა დოკუმენტის გაცვლითი წესით განხორციელდა.
„სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობა ჩვენი კერძო სექტორისთვის: საკრუინგო კომპანიებს და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი. ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები. ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლებისა და სერტიფიცირების სისტემისთვის ნდობის გამოცხადებაა, რაც წლების დაუღალავი შრომის შედეგია და ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზღვაო სექტორის მნიშვნელოვანი მიღწევაა საერთაშორისო ასპარეზზე,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.
გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მსოფლიოში სიდიდით მე-18 ადგილზე მყოფი სავაჭრო ფლოტია (Deadweight tonnage basis), რომლის ქვეშ 1300-ზე მეტი გემი დაცურავს.