დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსული ნავთობის დაზღვევის სრულად აკრძალვა დროებით გადადეს
დიდმა ბრიტანეთმა უფლება მისცა ბრიტანულ კომპანიებს, დააზღვიონ ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი მესამე ქვეყნებში გადააქვთ. სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვა ევროკავშირმაც. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება გლობალური ენერგეტიკული კრიზისის წარმოქმნის საფრთხის გამო მიიღეს.
შეგახსენებთ, ლონდონმა და ბრიუსელმა ჯერ კიდევ მაისში მოილაპარაკეს, რომ სრულად აკრძალავდნენ საზღვაო გზით გადაზიდული რუსული ნავთობის დაზღვევას. ბრიტანეთმა ამ აკრძალვის ამოქმედება გადადო და ივლისის ბოლოს კომპანიებს აუკრძალა მხოლოდ იმ ტანკერების დაზღვევა, რომლებსაც რუსული ნავთობი ბრიტანეთში გადააქვთ. ეს შეზღუდვა 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.
ამასთან, როგორც მედია წერს, კომპანიებს უფლება ექნებათ, დააზღვიონ ხომალდები, რომლებსაც რუსული ნავთობი მესამე ქვეყნებში ჩააქვთ. მედიის ცნობით, ევროკავშირის მიერ 4 ივნისს დაწესებული ტანკერების დაზღვევის აკრძალვა ძალაში რჩება, თუმცა მასში შესწორებები შეიტანეს. ივლისის ბოლოს ევროკავშირმა მისცა უფლება სადაზღვევო კომპანიებს, იმუშაონ ზოგიერთ რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან, რომელთა შორის „ფაინანშელ თაიმსი“ ასახელებს „როსნეფტს“.
მედია იუწყება, რომ კომპანიებს აქვთ უფლება, გადაიხადონ ნავთობის გადაზიდვისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტრანზაქციები მკაცრ საჭიროებას წარმოადგენს, ხოლო გადაზიდული ნავთობი და ნავთობპროდუქტები განკუთვნილია მესამე ქვეყნებისთვის და არა ევროკავშირის წევრებისთვის.
„ფაინენშელ თაიმსი“ ასევე წერს, რომ როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, ეს ზომები მიღებულია მსოფლიოში სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი პოტენციური ნეგატიური შედეგის თავიდან აცილების მიზნით.
როგორ მედია იუწყება, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვების დაზღვევის აკრძალვა იქნებოდა „ყველაზე ყოვლის მომცველი შეზღუდვა“, რომელიც რუსული ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ დაწესდებოდა და მოსკოვს ჩაუკეტავდა წვდომას ტანკერების მსოფლიო ფლოტის უდიდეს ნაწილთან“.
ამასთან ერთად, მედია წერს, რომ ეს ზომა სავარაუდოდ გამოიწვევდა, მსოფლიოში ნავთობის მკვეთრ გაძვირებას, რადგან ბაზრიდან მილიონობით ბარელი რუსული ნავთობი გაქრებოდა. როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ამის საშიშროების შესახებ თეთრ სახლში გამოთქვეს.
„ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამთავრობო წრეების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ისინი კვლავაც აპირებენ რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვების დაზღვევის აკრძალვას დეკემბერში, როდესაც ევროკავშირის შეზღუდვებიც ამოქმედდება. თუმცა, ამის გაკეთებამდე ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ რუსული ნავთობის ზღვრული ფასის დაწესება მოხერხდება, რათა შიდა ბაზარზე საწვავზე ტარიფების შემცირება შესაძლებელი გახდეს.
„ჩვენ მზად ვართ, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოვიღოთ და ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა გარანტირებული იყოს, რომ ეს სანქციები შესრულდება და რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალურ ეფექტს იქონიებს“, – განუცხადეს „ფაინენშალ თაიმსს“ დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროში.