„ბლუმბერგი“ - რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტი გასულ კვირას აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა, უმსხვილესი იმპორტიორები არიან ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი
„ბლუმბერგი“ - რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტი გასულ კვირას აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა, უმსხვილესი იმპორტიორები არიან ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი

რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტი გასულ კვირას აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანამ ამ ეტაპისთვის გადალახა ევროპული სანქციებით გამოწვეული თავდაპირველი დარტყმა მიწოდებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 13 იანვრის მონაცემებით, წინა ერთ კვირაში რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა 30%-ით გაიზარდა და დღე-ღამეში 3.8 მილიონი ბარელი შეადგინა. საზღვაო გზით რუსული ნავთობს მიწოდება მკვეთრად გაიზარდა აზიაში, ევროპაში კი თითქმის სრულად შეწყდა.

„ბლუმბერგი“ რუსული ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორებად ასახელებს ჩინეთს, ინდოეთსა და თურქეთს. რაც შეეხება ევროპას, რუსული ექსპორტირებული ნავთობის ერთადერთ დანიშნულების ქვეყნად ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ბულგარეთი სახელდება.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, „ევროპის ბაზარი ჩაანაცვლა აზიის მიმართულებამ, სადაც ექსპორტი ბევრად ძვირი ჯდება და მეტი დრო სჭირდება. ამჟამად ბალტიის პორტებიდან ინდოეთში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას საშუალოდ 31 დღე სჭირდება, შედარებისთვის, ამავე ტერმინალებიდან როტერდამში ნავთობის ტრანსპორტირებას შვიდი დღე სჭირდება, პოლონეთში კი – ორჯერ ნაკლები. ეს გადამზიდი ტანკერების დეფიციტს ქმნის“.

„ბლუმბერგს“ მონაცემებით, ექსპორტის 30%-იანი ზრდის ფონზე, 13 იანვრამდე ერთი კვირის განმავლობაში კრემლის შემოსავალი ნედლი ნავთობის საზღვაო ექსპორტიდან 4%-ით გაიზარდა, ანუ სამი მილიონი დოლარით. ამასთან, ოთხი კვირის საშუალო შემოსავალი, პირიქით, შემცირდა მილიონი დოლარით.