დიდი შვიდიანის სამიტის პარალელურად, კვებეკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
დიდი შვიდიანის სამიტის პარალელურად, კვებეკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დიდი შვიდიანის სამიტი კანადაში მეორე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. კვებეკის ქუჩებში 10 ათასზე მეტი ადამიანი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რიგითი მოქალაქეების ინტერესების უგულვებელყოფა.

მემარცხენე ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები შვიდი სახელმწიფოს – აშშ-ის, კანადის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იტალიისა და იაპონიის, ლიდერებს მოუწოდებენ, ყურადღება გაამახვილონ კლიმატურ ცვლილებებზე, მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების აღმოფხვრასა და სამხედრო ოპერაციებში დახარჯულ თანხაზე, რომელიც დემონსტრანტების მტკიცებით, მსოფლიო მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას უნდა მოხმარდეს და არა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს.

ქუჩაში სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიციაა მობილიზებული.