„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რუსეთისა და უკრაინის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები და დიდი ფასის გადახდა მოჰყვება.

„ჩვენ, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვართ ერთიანნი რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის და უკრაინის მიმართ აგრესიული რიტორიკის დაგმობის საკითხში.

რუსეთს მოვუწოდებთ დეესკალაციისკენ, დიპლომატიური არხების გამოყენებისკენ და სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ, როგორც ეს პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას აღნიშნა 7 დეკემბერს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში საფრანგეთისა და გერმანიის ძალისხმევას, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულებით.

საზღვრების შეცვლის მიზნით ძალის ნებისმიერი გამოყენება მკაცრად აკრძალულია საერთაშორისო სამართალის მიხედვით. რუსეთს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები და დიდი ფასის გადახდა მოჰყვება.

ჩვენ ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს უფლებას, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას.

ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას ჩვენს საერთო და ყოვლისმომცველ საპასუხო ქმედებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.