„დიდი შვიდეული“ - მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმები, განსაკუთრებით, უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
ამის შესახებ ნათქვამია მათ განცხადებაში, რომელიც ევროპის საგარეო საკითხთა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი თავდასხმა, რომელმაც დრამატულად იმოქმედა მშვიდობიან მოსახლეობაზე და გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მათ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ სამხედრო ძალები ამ ქვეყნიდან. პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის იზოლირება მოახდინა მსოფლიოსგან, მისი შემდგომი აგრესიის გამო, რაც დადასტურდა აბსოლუტური უმრავლესობით გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და მას ჯარების სასწრაფოდ გაყვანისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„დიდი შვიდეული“ აგრეთვე გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებზე და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, სრულად პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობას ადამიანის უფლებების თაობაზე.
„გაერო-სა და უკრაინის ჰუმანიტარულ სააგენტოებს, სამედიცინო პერსონალსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს,უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი წვდომა იმ ადამიანებთან, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ დახმარება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, „დიდი შვიდეული“ მზადაა, გაზარდოს უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერა.
„ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს თავდასხმები, განსაკუთრებით უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების აშკარა დარღვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უპასუხოდ არ დარჩენილა.
„ჩვენ განვახორციელეთ შორსმიმავალი ეკონომიკური და ფინანსური სანქციების რამდენიმე რაუნდი. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომი მკაცრი სანქციების დაწესებას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.