მადრიდის „მასტერსის“ რაფაელ ნადალის ფანტასტიკური სვლა გრუნტის საფარიან კორტებზე მეოთხედფინალში შეწყდა. ესპანელის დამარცხება ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა, თანაც ორ სეტში – 7:5, 6:3 საათსა და 55 წუთში შეძლო.
ნადალი მუდმივად მდევრის როლში იყო. პირველ სეტში ბრეიკით აგებდა და ავსტრიელი სეტზე აწვდიდა, მაგრამ რაფამ შეძლო ერთადერთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება და ანგარიშის გათანაბრება – 5:5. თუმცა, ტიმმა იქვე ზედიზედ ორი გეიმი აიღო და მაინც მოიგო სეტი.
მეორე პარტია ავსტრიელმა ისევ ბრეიკით დაიწყო, რომელიც ნადალმა სეტის შუაში დაიბრუნა – 3:3. თუმცა, ამის შემდეგ, რაფას გეიმი აღარ აუღია და შეწყდა მისი სარეკორდო სერია.
რეკორდი შემდეგში მდგომარეობდა: წინა დღეს, ნადალმა არგენტინელი დიეგო შვარცმანი დაამარცხა ორ სეტში. ამ მატჩის შემდეგ, ესპანელს ზედიზედ 50 მოგებული სეტი დაუგროვდა გრუნტზე. აქამდე, ერთ საფარზე ზედიზედ მოგებული სეტების რაოდენობით რეკორდი ჯონ მაკინროის ეკუთვნოდა – 1984 წელს, 49 მოგება ხალიჩაზე.
ნადალმა ვერ შეძლო მადრიდში შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა და ორშაბათიდან დაკარგავს ლიდერობას რეიტინგში. პირველი ნომერი ისევ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გახდება, რომელიც საერთოდ ტოვებს გრუნტის სეზონს.