დიდი სენსაცია მადრიდში – ნადალმა გრუნტზე წააგო და ლიდერობა დაკარგა

23:47, 11.05.2018

მადრიდის „მასტერსის“ რაფაელ ნადალის ფანტასტიკური სვლა გრუნტის საფარიან კორტებზე მეოთხედფინალში შეწყდა. ესპანელის დამარცხება ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა, თანაც ორ სეტში – 7:5, 6:3 საათსა და 55 წუთში შეძლო.

ნადალი მუდმივად მდევრის როლში იყო. პირველ სეტში ბრეიკით აგებდა და ავსტრიელი სეტზე აწვდიდა, მაგრამ რაფამ შეძლო ერთადერთი ბრეიკ-პოინტის გამოყენება და ანგარიშის გათანაბრება – 5:5. თუმცა, ტიმმა იქვე ზედიზედ ორი გეიმი აიღო და მაინც მოიგო სეტი.

მეორე პარტია ავსტრიელმა ისევ ბრეიკით დაიწყო, რომელიც ნადალმა სეტის შუაში დაიბრუნა – 3:3. თუმცა, ამის შემდეგ, რაფას გეიმი აღარ აუღია და შეწყდა მისი სარეკორდო სერია.

რეკორდი შემდეგში მდგომარეობდა: წინა დღეს, ნადალმა არგენტინელი დიეგო შვარცმანი დაამარცხა ორ სეტში. ამ მატჩის შემდეგ, ესპანელს ზედიზედ 50 მოგებული სეტი დაუგროვდა გრუნტზე. აქამდე, ერთ საფარზე ზედიზედ მოგებული სეტების რაოდენობით რეკორდი ჯონ მაკინროის ეკუთვნოდა – 1984 წელს, 49 მოგება ხალიჩაზე.

ნადალმა ვერ შეძლო მადრიდში შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა და ორშაბათიდან დაკარგავს ლიდერობას რეიტინგში. პირველი ნომერი ისევ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გახდება, რომელიც საერთოდ ტოვებს გრუნტის სეზონს.

მსგავსი