დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ რუსეთის ერთ მოქალაქეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ დამნაშავედ სცნო.
როგორც საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ ვ.ლ-მ განიზრახა მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა არარეზიდენტი ფიზიკური პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხები. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ვ.ლ-მ დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის ლეგალური/კანონიერი გზით მიღებაში სთავაზობდა დახმარებას.
„მიუხედავად იმისა, რომ ვ.ლ-ს მსგავსი მომსახურების გაწევა არ შეეძლო, იგი 2017 წლის ივნისში და ივლისში ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ნ.კ-ს და ს.ჰ-ს, ასევე აშშ-ს მოქალაქეს მ.გ-ს გამოგონილი სახელით გაეცნო და დაარწმუნა ისინი, რომ თითქოსდა დაეხმარებოდა ნ.კ.-სთვის საქართველოს ბინადრობის და მართვის მოწმობის, ს.ჰ-სთვის უნგრეთის რესპუბლიკის და მ.გ-სთვის ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის ლეგალურად მიღებაში. ზემოაღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ ვ.ლ-მ დაზარალებულებს მოტყუებით 48 000 ლარი, 30 000 ევრო და 104 994 აშშ დოლარი გამოართვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.კ.-მ 2017 წლის 12 ივლისს ვ.ლ.-ს საბანკო ანგარიშზე შეცდომით გადარიცხა 42 300 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ვ.ლ.-მ იცოდა, რომ აღნიშნული თანხა ნ.კ.-ს ეკუთვნოდა და მისი დაბრუნების ვალდებულება ჰქონდა, თანხა კანონიერ მფლობელს არ დაუბრუნა და მიითვისა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს ვ.ლ. მათი წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ათავსებდა მის მიერ დაფუძნებული ფიქტიური იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც შემდგომში პირადად, სესხის სახით გამოჰქონდა.
ვინაიდან ვ.ლ. თავს არიდებდა გამოძიებას, მას 2018 წლის 3 აპრილს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისება), 4 აპრილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, ვ.ლ-ს 2 წლის ვადით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის ეკვივალენტი 49000 აშშ დოლარი, 22400 ევრო და 16500 ლარი ჩამოერთვა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.