„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და ჯანდაცვის მხარდასაჭერად 21 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ
„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და გლობალური ჯანდაცვის მხარდასაჭერად 21 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ. თანხა დიაგნოსტიკის, თერაპიისთვის, ასევე კვლევებისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისთვის არის გათვალისწინებული. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე გლობალური ჯანდაცვის დაფინანსებაზე 500 მილიონ დოლარს საუდის არაბეთი გამოყოფს, რომელიც ამჟამად „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეა.
აღნიშნული თანხიდან 150 მილიონს გადაურიცხავენ ეპიდემიებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფის ინოვაციების კოალიციას, კიდევ 150 მილიონი გათვალისწინებულია ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსისთვის, 200 მილიონი კი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციებისთვის და პროგრამებისთვის დაიხარჯება.